English / ქართული / русский /







ჟურნალი ნომერი 3 ∘ გიორგი ბრეგაძე
ტურიზმის პირდაპირი ეკონომიკური სარგებლიანობის გამოთვლის მეთოდოლოგიური საკითხები

რეზიუმე

ტურიზმის სწრაფმა ზრდამ და დივერსიფიკაციამ საჭირო გახადა ამ გლობალური ფენომენის უფრო სიღრმისეული შესწავლა და ტურიზმის ეროვნულ ეკონომიკაზე რეალური ეფექტების გაზომვის აუცილებლობის საკითხი დააყენა.

ნაშრომში ხაზგასმულია კვლევაზე დაფუძნებული სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავების აუცილებლობის საკითხი. საქართველოში ბოლო პერიოდში გაზრდილი მოგზაურების რაოდენობა და მათი კონტრიბუცია ეკონომიკაში საზოგადოების უდიდესს ინტერესს იწვევს. ნაშრომის მიზანს სწორედ მსოფლიოში გავრცელებული პირდაპირი ეკონომიკური ეფექტების მეთოდოლოგიების ანალიზი წარმოადგენს, რაც ოპტიმალური ეკონომიკური პოლიტიკის შემუშავების საფუძველი უნდა გახდეს. 

საკვანძო სიტყვები: ტურიზმის ეკონომიკური ეფექტები, ტურისტული დანახარჯი, ტურიზმის პოლიტიკა, ტურიზმის კვლევები.

შესავალი                       

დღესდღეობით ტურიზმი მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობაა ქვეყნების უმრავლესობაში. მისი გავლენა ეკონომიკაზე მრავალხმრივია. ტურიზმი ეხმარება ადგილობრივ მაცხოვრებლებს გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა, გაზარდონ შემოსავალი და დასაქმება, შექმნან ახალი პროდუქტები და ბიზნესები.

ტურიზმი განვითარებად ქვეყნებში, როგორც ეკონომიკური განვითარების საშუალება განსაკუთრებით აქტუალურია და არც საქართველოა ამ მხრივ გამონაკლისი. ტურიზმს  სხვა ინდუსტრიებზე უფრო სწრაფად  შეუძლია ეკონომიკური განვითარების წახალისება, ის სწრაფად ახდენს საჭირო ფინანსური კაპიტალის გენერირებას, ზრდის ქვეყნის ტურისტული დესტინაციის ცნობადობას, აუმჯობესებს ინფრასტრუქტურას და ქმნის ახალ სამუშაო შესაძლებლობებს. განვითარებად ქვეყნებში ტურიზმის განვითარებისგან სარგებელი უფრო თვალსაჩინოა. იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა შეძლებს ვიზიტორების მოთხოვნის ხარისხიანად დაკმაყოფილებას, მაშინ ქვეყნის საექსპორტო შემოსავლები მნიშვნელოვნად იზრდება. [Edgell, Swanson, 2013:90-91]ამ შემოსავლების  ნაწილი მიედინება საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფისკენ და თუ სახელმწიფოს ტურიზმის პოლიტიკა მკვეთრად სიღარიბის დაძლევაზეა ორიენტირებული, ამით სარგებლობას მოსახლეობის ღარიბი ჯგუფები იღებენ. ეს შესაძლებელია  ადგილობრივი მოსახლეობის ტურიზმის საწარმოებში დასაქმებით, ტურისტებისთვის საქონლისა და მომსახურების მიყიდვით ან მცირე საწარმოს ფუნქციონირებით, რითაც საზოგადოებაში სიღარიბის დონე მცირდება.

ტურიზმი, განსაკუთრებულად კი საერთაშორისო ტურიზმი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური განვითარების საშუალებაა სოფლის მოსახლეობისთვის.  სოფლის მოსახლეობას მრავალი საინტერესო სერვისის შეთავაზება შეუძლია ვიზიტორებისთვის.  სოფლის მოსახლეობაში ტურიზმის  ეკონომიკური განვითარების საშუალებად გამოყენების დამაბრკოლებელი ფაქტორები  ადამიანური, ფინანსური და ტექნიკური რესურსების უკმარისობა შეიძლება იყოს. სოფლის მოსახლეობა დღესდღეობით ეძებს  დომინანტი ინდუსტრიების  (როგორიცაა ფერმერობა და მესაქონლეობა) ალტერნატივას,  დამატებითი შემოსავლის წყაროს მიღების მიზნით. ტურიზმი შესაძლოა სწორედ ის ინდუსტრია იყოს,  რომელიც მათ მოთხოვნებს მიესადაგება.  თუმცა ამისთვის  ბევრი დაბრკოლების გადალახვაა საჭირო, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი სოფლის მოსახლეობაში ადგილობრივი რეზიდენტების მიერ ტურიზმის ეკონომიკური განვითარების საშუალებად აღიარება და ადგილობრივი რეზიდენტებისთვის ტურიზმის ინდუსტრიაში საჭირო უნარების შესწავლაა. ტურიზმის, როგორც ეკონომიკური განვითარების საშუალების უპირატესობა მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ის დამოკიდებულია ადგილის კულტურულ, ისტორიულ, ეთნიკურ, გეოგრაფიულ და ბუნებრივ უნიკალურობაზე. ეს რესურსები მოიპოვება საქართველოს ყველა სასოფლო რაიონში, არის განახლებადი და შეუძლია ადგილობრივებს სიამაყის გრძნობა გაუჩინოს მათი სიმდიდრის ადგილობრივ და საერთაშორისო ვიზიტორებისთვის ჩვენებით. [Edgell, Swanson, 2013:93].

საზოგადოებაში ტურიზმის ეკონომიკური ეფექტების მიმართ ინტერესი  მზარდია. მათ აინტერესებთ ტურიზმის სექტორში შექმნილი სამუშაო ადგილების რაოდენობა, ღონისძიების მიერ გენერირებული შემოსავალი და ეფექტი მთლიან ეკონომიკაზე.  ტურიზმის ეკონომიკური სარგებლიანობის ანალიზი სწორედ ამ მიზანს  ემსახურება. ტურიზმის ეკონომიკური მნიშვნელობის ხაზგასმა საზოგადოებას, ბიზნესს და სახელმწიფოს ამ დარგის მიმართ მეტი პატივისცემით განაწყობს, რასაც საბოლოო ჯამში  ტურიზმის სექტორისთვის ხელსაყრელ გადაწყვეტილებებამდე ან სახელმწიფო პოლიტიკამდე მივყავართ. ტურიზმის ბიზნესები ერთმანეთზე და სხვა სექტორის ბიზნესებზე ძლიერ არიან გადაჯაჭვულნი. ტურიზმის ეკონომიკური სარგებლიანობა და ხარჯები გარკვეულწილად ყველას ეხება საზოგადოებაში. ეკონომიკური ეფექტების ანალიზი იძლევა ამ ეკონომიკური ურთერთდამოკიდებულების  შეფასებას, რაც  ტურიზმის როლის და მნიშვნელობის უკეთ გააზრებას უწყობს ხელს.

ძირითადი ტექსტი 

ეკონომიკური ეფექტების ანალიზი დავიწყოთ ტურიზმის დანახარჯის ცვლილებით გამოწვეული „პირდაპირი ეფექტის“ მნიშვნელობის განმარტებით. პირდაპირი ეფექტი, როგორც სახელიდან ჩანს, თავად ტურისტულ დანახარჯს წარმოადგენს. ყოველი კვლევისათვის ტურიზმის ეფექტის გასაზომად საწყისი წერტილია ტურისტების დანახარჯები განთავსებაზე, საკვებზე, დღესასწაულებზე, საყიდლებსა და სხვადასხვა ტურისტული დანახარჯების კატეგორიებზე. აღნიშნულის შეფასებას ვახდენთ განსხვავებული ტიპის მოგზაურის მიერ განხორციელებული დანახარჯების შესაბამისად. შემდეგ მოცემული დანახარჯების დიფერენცირება შესაძლებელი ხდება სხვადასხვა დანახარჯთა კატეგორიის მიხედვით. საბოლოო ნაბიჯს კი წარმოადგენს პირდაპირი ეფექტების გამოთვლა ისეთ ცვლადებზე, როგორიც არის წარმოება, დასაქმება, ექსპორტი და გადასახადები.

ვიზიტორების დანახარჯების შეფასებას მსოფლიოში რამდენიმე მეთოდით ახდენენ.  მათ შორისაა: საერთაშორისო და შიდა ვიზიტორების კვლევა, შემოსვლის და გასვლის ბარათები,  ეროვნული ბანკის კვლევა და ტურისტული ობიექტების კვლევა.

აერთაშორისო ვიზიტორების კვლევა. სმიტის (Smith) აზრით „ტურიზმის ეკონომიკური ეფექტების კვლევების საზომების უმრავლესობა სპეციფიკური ინდიკატორებია, რომელიც მხოლოდ ვიზიტორების გამოკითხვის ბაზაზე არის დაფუძნებული“. [Smith, 2000:225] ეს კვლევები დაფუძნებულია შერჩევაზე, რის შემდეგაც ხდება მათი მთლიან პოპულაციაზე განზოგადოება. კითხვარში არსებული დანახარჯებთან დაკავშირებული  კითხვები, როგორც წესი გვაძლევენ ვიზიტორის საშუალო დანახარჯის შეფასებას ერთ დღეში, შემდეგ ამ რიცხვის  შესაბამისი ვიზიტორების რაოდენობაზე გადამრავლებით ვიღებთ ვიზიტორების მთლიან დანახარჯს[Crompton, Lee, Shuster ,2001:84].

მოგზაურების გამოკითხვა შესაძლებელია მაშინ, როცა ისინი შედიან ქვეყნის ტერიტორიაზე, ტოვებენ ქვეყნის ტერიტორიას, ან გამოკვლევის ტერიტორიაზე იმყოფებიან. გარდა ამისა, სატრანზიტო კვლევები შესაძლოა ჩატარდეს, როცა მოგზაურები მგზავრობენ თვითმფრინავით, მატარებლით, ავტობუსით, გემით დესტინაციისკენ ან დესტინაციიდან და მას შემდეგ, რაც ვიზიტორები სახლში დაბრუნდებიან. [Daniels, Margaret, Norman, Henry 2004:185] ამ კვლევებიდან ყველაზე ნაკლებად დამაკმაყოფილებელი  ვიზიტორების შემოსვლისას და სატრანზიტო პერიოდში გამოკითხვაა, რადგან მათ არ შეუძლიათ რეალური დანახარჯების შესახებ ინფორმაციის მოძიება,  მხოლოდ იმ თანხას იგებენ, რომლის დახარჯვაც მოსალოდნელია მოგზაურობის დროს. ინტერვიუს მეთოდები მოიცავს პერსონალურ და თვითადმინისტრირებად გამოკითხვას. (კითხვარების გადაცემა და შემდეგ უკან გამორთმევა ხდება შერჩეული ვიზიტორებისთვის).

ალბათობაზე დაფუძნებული ვიზიტორების შერჩევა არ არის მარტივი ამოცანა, თუმცა ის ერთადერთია შერჩევის მეთოდებს შორის, რომელსაც ვალიდური და სანდო შერჩევის გაკეთება შეუძლია პოპულაციის შესახებ. [Vanhove, 2005:22]  გეთზის (Getz) აზრით, არცერთი არაშემთხვევითი მეთოდი არ უნდა იქნას გამოყენებული მთლიანი პოპულაციის მახასიათებლების შესაფასებლად, მკაცრი სტატისტიკური პრაქტიკის შესაბამისად“, [Getz, 1994:440] რაც ნიშნავს კვოტირების და სხვა მოხერხებული შერჩევის მეთოდების უგულველყოფას. ფლემინგის და ტოეპერის (Fleming and Toepper) აზრით კი  დიდი შერჩევის ზომას არ შეუძლია დეფექტური შერჩევის დიზაინის კომპენსირება. [Fleming,  Toepper, 1990:37]

მონაცემები ადასტურებს, რომ ვიზიტორების მიერ ქვეყნის დატოვებისას ჩატარებულ კვლევებს ყველაზე ზუსტი ინფორმაციის მოცემა შეუძლიათ ვიზიტორების დანახარჯების შესახებ, თუ ინფორმაციის გახსენება ხდება წინა 24 საათის შესახებ და გამრავლებულია გამოთვლილი გაჩერების საშუალო პერიოდზე. [Frechtling, 1994:370]

შემოსვლის და გასვლის ბარათები. ევრ ქვეყანაში შემოსვლის და გასვლის ბარათები უმნიშვნელოვანესი წყაროა საერთაშორისო ვიზიტორების დინების და მათი მახასიათებლების შესახებ, მათ შორის დანახარჯებისაც. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის 2008 წლის რეკომენდაციებში ნახსენებია, რომ როდესაც შემომყვანი მოგზაურობის გაზომვის შესაძლებლობა არის საზღვრებზე, რეკომენდირებულია ისეთი ადმინისტრაციული კონტროლის საშუალება, როგორიცაა შემოსვლა/გასვლის ბარათები შეივსოს ან ჩანაცვლდეს მოგზაურების კვლევით, ძირითადად მაშინ როცა ვიზიტორები  ქვეყანას ტოვებენ.   შემოსვლის და გასვლის ბარათების ვიზიტორების კვლევით ჩანაცვლების რეკომენდაცია გამოწვეულია ამ მეთოდის ნაკლოვანობებით.  აეროპორტის და იმიგრაციის ადმინისტრაციის ხედვა დაკავშირებულია მომხმარებლების უმაღლესი ხარისხის  მომსახურების მიწოდებასთან და უცხოელი ვიზიტორების რეგისტრაციის ავტომატიზაციასთან. ისინი ცდილობენ შეამცირონ მგზავრების ჩამოსვლის დაბრკოლებები აეროპორტებში. მათი ხედვით ეს მიზანი უმნიშვნელოვანესია მასპინძელი ქვეყნისთვის და შემოსვლა/გასვლის ბარათები სწორედ ამ დარბკოლებაში მოიაზრება, რადგან დაკავშირებულია ვიზიტორების მთლიანი რაოდენობის  მიერ მონაცემების ხელით შეყვანასთან.

ბარათების სხვა ნაკლოვანება დაკავშირებულია მის ზომასთან და ადმინისტრირებასთან. ბარათები როგორც ინფორმაციის წყარო შეზღუდულია ბარათის ზომიდან გამომდინარე. მისი ზომის გაზრდა მასში დამატებითი კითხვების შეტანით არც ისე ადვილია. რაც უფრო მეტი დრო ჭირდება ბარათის შევსებას, უფრო რთულია მათი ადმინისტრირება, შესაბამისად უფრო რთულია ყველა მგზავრის დარწმუნება მათ შევსებაში. ლოგისტიკასთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაბრკოლებაა შემოსვლა/გასვლის ბარათების გამოყენებისას. ბარათების ბრუნვის შეყონვებები, რომელიც დაკავშირებულია მის ერთად მოგროვებასთან, აღრიცხვასა და დეკოდირებასთან იწვევს დაგვიანებულ ანალიზს და მონაცემთა გამოქვეყნებას. ასევე, გაზრდილი აეროპორტების რაოდენობის და მგზავრთა ნაკადის პირობებში მომატებული ბარათების რაოდენობა მოითხოვს დამატებით მუშახელის დაქირავებას, რაც მონაცემებზე პასუხისმგებელ ორგანოს მძიმე ტვირთად აწვება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გამოკითხვის თანახმად,  მსოფლიოს 125 ქვეყნიდან, სადაც შემომყვანი ტურიზმის შესახებ ინფორმაციას აგროვებენ 90 იყენებს შემოსვლის და გასვლის ბარათებს, მას მოსდევს საერთაშორისო ვიზიტორების კვლევა და განთავსებებში ვიზიტორების გამოკითხვა. ბევრი ქვეყანა მათი გამოკითხვის მეთოდების კომბინირებას ახდენს. ათიდან შვიდი ქვეყანა მსოფლიოში იყენებს შემოსვლა/გასვლის ბარათებს, თუმცა ეს მაჩვენებელი უფრო მცირეა ევროპაში, სადაც საზღვრები ღია და უფრო დატვირთულია. აქ მხოლოდ ათიდან  5 ქვეყანა იყენებს ამ მეთოდს. ეს მაჩვებელი ბევრად უფრო დიდია აზიურ ქვეყნებში.[UNWTO, 1978:18]  თუ დავაკვირდეთ როგორ იცვლება შემომყვანი ტურიზმის გაზომვის მეთოდოლოგიების გამოყენება დროთა განმავლობაში შევამჩნევთ, რომ ბარათების გამოყენება სტაბილურია ან მცირედით მცირდება მსოფლიოში, მაშინ როცა შემომყვანი ვიზიტორების კვლევის გამოყენება გასამაგდა ბოლო 20 წლის განმავლობაში. სავარაუდოა, რომ ეს ტენდენცია მომავალშიც გაგრძელდება. [UNWTO, 2005:10]

შიდა ვიზიტორების კვლევა. მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია  შინამეურნეობების კვლევას  ყველაზე ეფექტურ და მოხერხებულ ინსტრუმენტად განიხილავს შიდა ტურიზმის აქტივობების გასაზომად.[UNWTO, 2005:1] ბევრ ქვეყანას აქვს სისტემები, სადაც მუდმივად ხდება ალბათურ შერჩევაზე დაფუძნებული შინამეურნეობების გამოკითხვების ჩატარება სამომხმარებლო დანახარჯებზე, პირად შემოსავალზე, დასაქმებაზე, სამუშაო ძალაში მონაწილეობაზე და სამომხმარებლო თავისებურებებზე. [UNWTO, 2005:28]  ვიზიტორებს სთხოვენ განასხვაონ ჩვეული გარემოს გარეთ გაკეთებული შესყიდვები ადგილობრივისგან. ზოგ შემთხვევაში შინამეურნეობების კვლევები მთლიანად შიდა ტურიზმის აქტივობებზე და დანახარჯებზე ინფორმაციის მოსაძიებლად ტარდება.[ Dae-Kwan, Spots, Holecek, 1998:110]

ამ მეთოდის ვალიდურობის მთავარი საფრთხე არის გახსენების შეფასების სისტემატიური შეცდომა ან მახსოვრობის დეფექტები. ეს პრობლემები იქმნება იმ შემთხვევაში, თუ ვიზიტორებს ეკითხებიან მათი მოგზაურების აქტივობების შესახებ ვიზიტის შესრულების შემდეგ ერთი თვიდან 1 წლის შუალედში. უზუსტობა განსხვავებულია და დამოკიდებულია მგზავრობასა და გამოკითხვას შორის არსებულ დროზე. ასეთი უზუსტობები დოკუმენტირებულია ტურისტული დანახარჯის კვლევებში.ტურისტულ აქტივობასა და კვლევის ჩატარებას  შორის განვლილ დროს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მგზავრობების რაოდენობის გახსენებაზე.  მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ რესპონდენტების მიერ ნათქვამი მგზავრობების რაოდენობა მცირდება გახსენების პერიოდის ზრდასთან ერთად. [Lian, Denstadli, 2003:111]  ამერიკაში მოგზაურობის კვლევამ, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ ჩაატარა 1995 წელს, რესპონდენტებს სთხოვეს გაეხსენებინათ ინტერვიუმდე სამი თვით ადრე განხორციელებული მგზავრობების რაოდენობა. შედეგების ანალიზმა აჩვენა, რომ შესაბამისად უფრო მეტი მგზავრობები იქნა ნაპასუხები, როცა სთხოვდნენ ერთი თვის წინანდელი პერიოდის გახსენებას, ვიდრე 2 და 3 თვის შემთხვევაში.[1]  გარდა ამისა, საფრანგეთის ეროვნული პერსონალური ტრანსპორტირების კვლევაში აღმოაჩინეს, რომ „ხალხი ივიწყებს მათ ბიზნეს ვიზიტებს, უფრო ხშირად ვიდრე მათ მოკლევადიან პირად ვიზიტებს და უკანასკნელს უფრო ხშირად, ვიდრე მათ გრძელვადიან  პირად  ვიზიტებს  [Armoogum, Madre, 2003:152].

უნდა აღინიშნოს, რომ ვიზიტორების დანახარჯების კვლევებში ხშირ პრობლემას, (ეს იქნება შინამეურნეობები თუ საერთაშორისო ვიზიტორები), წარმოადგენს  ტურები პაკეტით, სადაც ტრანსპორტის, განთავსების, საკვების, გართობის კომბინირება ხდება და  ერთ ფასად არის შეთავაზებული. ასეთმა ტურმა შეიძლება მოიცვას ვიზიტი რამდენიმე დესტინაციაზე. შემსყიდველები ვერ ანსხვავებენ, თუ რა ფასი აქვს თითოეულ კატეგორიას მოცემულ ტერიტორიაზე. შედეგად, მათ არ შეუძლიათ მისცენ ინტერვიუერს სანდო ინფორმაცია მათი დანახარჯების განაწილების შესახებ. (მაგ. განთავსებაზე, საკვებზე, ლოკალურ ტრანსპორტზე). მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით პაკეტით ტურებზე დანახარჯების გამოსათვლელად ტუროპერატორების კვლევის გამოყენებაა საჭირო, იმისთვის რომ ვიზიტორების პასუხები გადანაწილდეს  მთლიანი პაკეტის დანახარჯებზე.  [UNWTO, 2000:62]

ეროვნული ბანკის კვლევა. უცხოური ვალუტის გაცვლითი ტრანზაქციების საბანკო ჩანაწერები ყველაზე ხშირად გამოყენებული მეთოდია ტურისტული დანახარჯის მოგროვების მეთოდებს შორის. [Sheldon 1993:33]  მრავალი ქვეყანა ზომავს უცხოელი ვიზიტორების დანახარჯებს მათი ქვეყნის საზღვრებში უცხოური ვალუტის შესყიდვის რაოდენობით. ქვეყნის ცენტრალური ბანკი ცდილობს გამოთვალოს ეროვნული ვალუტის ოდენობა, რომლის გაყიდვაც მოხდა უცხოელ ვიზიტორებზე სააგენტოებისგან, რომელიც ამ ოპერაციებს ახორციელებენ. ამ სისტემის ვალიდურობა დამოკიდებულია სისტემის შესაძლებლობაზე [UNWTO 2000:63]: განასხვაოს საერთაშორისო ვიზიტორების მიერ განხორციელებული  ტრანზაქციები სხვა ტრანზაქციებისგან; მოიცვას საერთაშორისო ვიზიტორების ყველა განხორციელებული ტრანზაქცია (დაფარვის პრინციპი);უზრუნველყოს ტრანზაქციების  ჩაწერა, იდენტიფიცირება და გადაცემა სიზუსტის დაცვით ცენტრალურ ბანკზე;

ამ მეთოდს, მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ექსპერტების აზრით, რამდენიმე პრობლემა აქვს, რაც ეროვნული ბანკის მიერ საერთაშორისო ვიზიტორების დანახარჯების შეფასებას საფრთხეს უქმნის. ცენტრალური ბანკის მეთოდს  უცხოელი ვიზიტორების დანახარჯების გამოთვლა  მხოლოდ  ეროვნულ დონეზე შეუძლია და ვერ ახდენს ამ დანახარჯების კატეგორიების დათვლას ან რომელიმე შიდა დანახარჯის დაანგარიშებას. ეს ხელს უშლის მის გამოყენებას ვიზიტორების დანახარჯების გასაზომად რეგიონებზე ან ასოცირებულ ინდივიდუალურ ღონისძიებებზე. ეს მეთოდი უგულველყოფილია ევროპაში სხვა მიზეზების გამოც. ევროკავშირის მონაცემებზე დაყრდნობით მეთოდი გამოიყენებოდა საგადასახდელო ბალანსში კატეგორია მოგზაურობის გამოსათვლელად 11 ევროპულ ქვეყანაში [Ortolani 2000:25]  . მას შემდეგ, რაც ამ ქვეყნებში ევროს შემოღება  მოხდა, მათ მოუწიათ შერჩევაზე დაფუძნებული გამოკითხვის მეთოდზე გადასვლა. შეჯამების სახით შეიძლება ვთქვათ, რომ ეს მეთოდი ვერ ასრულებს დაფარვის, რელევანტურობის და სიზუსტის პრინციპებს და არ გამოიყენება რეგიონებზე და ცალკეულ ღონისძიებებზე.

ტურისტული ობიექტების კვლევა. ტურიზმის სხვადასხვა სექტორის, მათ შორის სხვადასხვა ტრანსპორტის საჰაერო, რკინიგზის, საკრუიზო სერვისის გამყიდვლებს შესაძლებლობა აქვთ ვიზიტორების დანახარჯების შეფასება მაღალი სიზუსტით მოახდინონ. თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რესტორნებს, ბენზინ გასამართ სადგურებს, სპორტულ გასართობ ცენტრებს საშუალება ჰქონდეთ განაცალკევონ ვიზიტორები რეზიდენტებისგან.  ეს მეთოდი პრობლემატურია, რადგან შეიძლება მოიცვას ადგილობრივი დანახარჯები, შეიძლება არ მოიცვას ყველა ის დაწესებულება, სადაც ვიზიტორი ფულს ხარჯავს და ვერ შეძლებს ვიზიტორების რაოდენობის, გაჩერების ხანრგრძლივობისა და სხვა მაჩვენებლების შეფასებას. [Sheldon 1990:230] ამ მეთოდთან დაკავშირებული სხვა პრობლემა არის ის, რომ ამ დაწესებულებების მენეჯერებმა შეიძლება უარი განაცხადონ მონაცემების გაზიარებაზე იმის შიშით, რომ ეს მონაცემები მათი კონკურენტების ხელში აღმოჩნდება.[Vaughan ,Slee 2000:100]

მკვლევარები ზემოთ მოცემულ სტატისტიკურ მეთოდებს იყენებენ  სხვადასხვა ეკონომიკური ინდიკატორების ანალიზისთვის, რომელზეც ტურიზმს ეკონომიკური ეფექტის მოხდენა შეუძლია. მათ შორის შემდეგი ძირითადი ინდიკატორების გამოყოფაა შესაძლებელი: წარმოება, დასაქმება, შემოსავალი, ექსპორტი და გარემოზე ეფექტი.

წარმოება.  მკვლევართა მიერ ხშირად ხორციელდება  წარმოების გაზრდილი დონის, მშპ-ს ან რომელიმე სხვა ინდიკატორის გაზომვა,რომელიც რეგიონისთვის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებელია. ტურიზმი ვიზიტორების დანახარჯების შედეგად ახდენს დიდი რაოდენობით დამატებული ღირებულების გენერირებას, მისი წილი მსოფლიო შიგა პროდუქტში 10%-ს აღწევს.

დასაქმება - მკვლევარების ინტერესის ობიექტი ხშირად ხდება ტურისტული აქტივობის შედეგად დასაქმებაში გამოწვეული ცვლილებები.  ტურიზმს  განსაკუთრებული როლი აქვს განვითარებად ქვეყნებში, სადაც ტრადიციული სექტორების გარდა არსებობს დამატებითი სამუშაო ადგილების  საჭიროება. ეკონომიკური პერსპექტივით ტურიზმის ყურადღების ცენტრში ყოფნის ერთ-ერთი მიზეზი მისი შრომატევადობაა სხვა ინდუსტრიებთან შედარებით. ტურიზმი ძირითადად კონცენტრირებულია სერვისის სექტორში, სადაც ადამიანებს შორის მეტი კონტაქტია და, შესაბამისად, უფრო მეტი სამუშაო ადგილი  იქმნება.  ყოველი დამატებითი დოლარი, დახარჯული ტურიზმის განვითარებაზე ქმნის ბევრად მეტ დასაქმებას  დანარჩენ სექტორებთან შედარებით.

ტურიზმი, როგორც შრომატევადი ინდუსტრია იძლევა დასაქმების შესაძლებლობას მათთვის, ვინც სამუშაო ბაზარზე პირველად შემოდის ან აქვს დასაქმების პრობლემები. ტურიზმი თამაშობს მნიშვნელოვან როლს დასაქმების შესაძლებლობების გაჩენაში დაბალკვალიფიციურ მუშახელისთვის, ეთნიკური უმცირესობებისთვის, მიგრანტებისთვის, დაუსაქმებელი ახალგაზრდებისთვის, ქალებისთვის ოჯახური მოვალეობებით, რომლებსაც მხოლოდ არასრული სამუშაო განაკვეთით შეუძლიათ მუშაობა.[UNWTO, ILO, 2014:17]

თუმცა მეორეს მხრივ, ტურიზმი ასევე მოითხოვს დატრეინინგებულ და განათლებულ მუშახელს. ტურიზმი შექმნილია მრავალი სხვადასხვა სეგმენტისგან, რომელიც მოიცავს ტრანსპორტირებას, განთავსებას, საკვებს, მოგზაურობის დაგეგმვას, კომუნიკაციას, გართობას და ბევრ სხვა კომპონენტს. ტურიზმის სხვადასხვა ელემენტი მოითხოვს ინოვაციურ და კრეატიულ მენეჯერებს, რომლებიც განათლებულები არიან და შეუძლიათ ადაპტირება მოახდინონ ცვალებად გარემოში.  ტურიზმის ზრდადობა და დივერსიფიკაცია  განაპირობებს შრომის ბაზრის  გაფართოებას.  ტექნოლოგიას ესაჭიროება მენეჯერები, რომლებსაც გააზრებული აქვთ ტურისტული ინფორმაციის  სხვადასხვა შესაძლებლობებით გავრცელების აუცილებლობა, როგორიცაა მობილური ტელეფონი, ინტერნეტის და სმარტფონების აპლიკაციები ან ნავიგაციური სისტემები. ასევე, სწრაფად მზარდი სეგმენტია და დიდი რაოდენობის სამუშაო ადგილებს ქმნის ფესტივალები და ღონისძიებები, სადაც დასაქმებულების კრეატიულობა და ინოვაციურობაა აუცილებელი. ტურიზმი დამოკიდებულია ხარისხიან სერვისზე და მაღალ დონეზე დატრეინინგებულ მუშახელზე, შესაბამისად  მოთხოვნა ასეთ პერსონალზე მუდამ მზარდი იქნება. ტურიზმის ინდუსტრიის წარმატება დამოკიდებული იქნება პროფესიონალიზმის მაღალ დონეზე. [Edgell, Swanson,  2013:100] ტურიზმის ბიზნესები ხშირად ინდივიდის ან ოჯახის კუთვნილებაა. მცირე და საშუალო ბიზნესი მოითხოვს ნაკლებ კაპიტალს, რაც შესაძლებლობას ქმნის მოსახლეობისთვის დაიწყოს ბიზნესი. ხშირად ქალები იყენებენ არსებულ უნარებს იმისთვის რომ გახსნან მცირე ზომის ბიზნესები, როგორიცაა გესთჰაუსები და რესტორნები. [Mc Kenzie,  2007:480]                             

მსოფლიოში განთავსების საშუალებებში საშუალოდ ერთი ადამიანია დასაქმებული ერთ ოთახზე. ერთი სამუშაო ადგილი მთავარ ტურისტულ ინდუსტრიაში ქმნის ერთნახევარ (არაპირდაპირ) სამუშაო ადგილს ტურიზმთან დაკავშირებულ ეკონომიკაში. უფრო მეტიც, სამი მუშახელი არაპირდაპირ დამოკიდებულია თითოეულ განთავსების საშუალებაში მომუშავე ადამიანზე, როგორიცაა ტურისტული სააგენტოს პერსონალი, გიდები, ტაქსი, ავტობუსის მძღოლები, საკვების და სასმელის მიმწოდებლები, სუვენირების გამყიდვლები და სხვა, ასევე აეროპორტში დასაქმებულები. [Bolwell, Weinz,  2008:6]                          

შედეგად ტურიზმის ინდუსტრია მრავალი სახის დასაქმების შესაძლებლობას იძლევა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ქმნის სიღარიბის დაძლევის შესაძლებლობებს განვითარებად ქვეყნებში.

შემოსავალი - სახელმწიფოს მიზანია დამატებითი შემოსავლის, მათ შორის საგადასახადო შემოსავლების მიღება, რომელიც თავის მხრივ გაზრდილი ტურისტული დანახარჯების შედეგად იქნება მიღებული. სახელმწიფო საგადასახადო შემოსავლებს იღებს ტურისტების სხვადასხვა აქტივობიდან. მაგალითად, ტურისტი იხდის ოთახისთვის, რაც ბევრ სახელმწიფოში იბეგრება. გარდა ამისა, საგადასახადო შემოსავლების გენერირება ასევე ხორციელდება სასტუმროში დასაქმებულებიდან და ბიზნეს საწარმოების მოგებიდან.

ტურიზმი მნიშვნელოვანი შემოსავლის წყაროა მსოფლიოს უმრავლესი ქვეყნისთვის. ტურისტული დანახარჯებიდან საერთაშორისო შემოსვლები ზრდას განაგრძობს, რაც მას საგადასახადო შემოსავლების მნიშვნელოვან გენერატორად აქცევს. საერთაშორისო ვიზიტორები დიდ დანახარჯებს ახორციელებენ საქონელსა და მომსახურებაზე, ამას შედეგად კი მნიშვნელოვანი მატება მოაქვს შემოსავალზე. ტურისტები დაინტერესებულები არიან  მაღალხარისხიანი პროდუქტების და, ასევე, ადგილობრივად შექმნილი პროდუქტების შეძენით, კარგი კვებით, ღირშესანიშნაობების დათვალიერებით და კულტურული აქტივობებით. ტურიზმი მოიცავს მოგზაურების საქონელზე და მომსახურებაზე ყველა დანახარჯს. მან შეიძლება მოიცვას  ტრანსპორტი, განთავსება, ღირშესანიშნაობა, საკვები, გართობა, სუვენირები, ტურები და სხვა. ეს შესყიდვები ასევე მოიცავს ტურიზმის მხარდამჭერი ინდუსტრიების პროდუქციას, როგორებიცაა ბანკი, ტაქსი, ავტობუსები, კამერა და ფილმები, სარეზერვაციო სისტემები, კომპიუტერები, ტელეფონები და სხვა. არ უნდა დაგვავიწყდეს საერთაშორისო ტურისტული დანახარჯები ასევე მოიცავს ავიაკომპანიებს, რკინიგზას, საკრუიზო გემებს და მანქანების გაქირავებას. [Edgell, Swanson 2013:102]

ექსპორტი - ტურიზმი  ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი ელემენტია, რადგან საექსპორტო ინდუსტრიაა. ის უზრუნველყოფს საქონლისა და მომსახურების  ვიზიტორებზე  გაყიდვით  ახალი ფულის შემოდინებას ეკონომიკაში.  ტურიზმი განსხვავდება სხვა საექსპორტო ინდუსტრიებისგან, რომლებიც  გაყიდვებს  საქონლის გადაზიდვის გზით ახორციელებენ. იგი საკუთარი სერვისების გაყიდვას ვიზიტორების მოზიდვით ახდენს. მიუხედავად ამისა, ტურიზმის ინდუსტრიისთვის, ისევე როგორც სხვა ინდუსტრიებისათვის, რომლებიც საქონელს საზღვარგარეთ ყიდიან, ფულადი ნაკადები ანალოგიური ეფექტის მომხდენია: ეკონომიკაში ხდება ახალი ფულის შემოდინება. [Reece,  2010:51]

ტურიზმი მრავალფეროვანი სექტორია, შედგება მრავალი სხვადასხვა ინდუსტრიებისა და ფირმებისგან. არსებობს მარტივად ცნობადი დიდი კორპორაციები, რომელთაც საკუთრებაში აქვთ სასტუმროს ქსელები, ავიაკომპანიები, საკრუიზო ხაზები, გასაქირავებელი მანქანების სააგენტოები, თემატური პარკები და სხვა. გარდა ამისა, არსებობს მცირე საწარმოები, როგორიცაა საოჯახო სასტუმროები, რესტორნები, სასაჩუქრე მაღაზიები და სხვა. ეს განსხვავებული ფირმები დაინტერესებულები არიან ტურიზმში როგორც ექსპორტში, რადგან საერთაშორისო ვიზიტორი  უფრო მეტს ხარჯავს, ვიდრე ადგილობრივი. [Edgell, Swanson 2013:103]

გარემოზე ეფექტი -გარემოზე ეკონომიკური ეფექტები მოიცავს: სოციალურ და კულტურულ ეფექტებს (მოსახლეობა, ცხოვრების სტილი და სხვა); ფიზიკურ ეფექტებს (მშენებლობა, დანაგვიანება, ეროზია და სხვა); ბიოლოგიურ ეფექტებს (ეგზოტიკური ჯიშების გადაშენება და სხვა). [Reece,  2010:51]

დასკვნა

ამრიგად, ტურიზმი უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ეკონომიკაში და მისი პირდაპირი გავლენა სხვადასხვა ეკონომიკურ ინდიკატორებზე მრავალმხრივია. ტურიზმის ეკონომიკური ეფექტების ანალიზი და შესაბამისი კვლევები მნიშვნელოვანია დაგეგმვისთვის და ეკონომიკური პოლიტიკის ფორმირებისთვის. ის ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორია მარკეტინგული და მენეჯერული გადაწყვეტილებებისთვის. საზოგადოებას სჭირდება გაიაზროს ტურიზმის მნიშვნელობა სახელმწიფო, თუ რეგიონის ეკონომიკაში. ამისთვის კი ამ ნაშრომში წარმოდგენილი მსოფლიოში გავრცელებული ეკონომიკური გავლენის გაზომვის მეთოდოლოგიების ანალიზი და საუკეთესო პრაქტიკის მიღება საქართველოს რეალობაში გათვალისწინება უმნიშვნელოვანესია. 

გამოყენებული ლიტერატურა 

Armoogum, J., and J.-L. Madre (2003). “Weighting and Correcting Long- Distance Travel Surveys.” In Capturing Long-Distance Travel, edited by K. W. Axhausen, J.-L. Madre, J. W. Polak, and P. L. Toint. Baldock, Great Britain: Research Studies Press Ltd. გვ. 152

Bolwell, D. and Weinz, W. (2008), ‘Reducing poverty through tourism’, International Labour Office, Sectoral Activities Programme, Working Paper No. 266, Geneva, გვ.6

Bureau of Transportation Statistics (1997). 1995 American Travel Survey Technical Documentation. Washington, DC: U.S. Department of Transportation.

Crompton, John L., Seokho Lee, and Thomas J. Shuster (2001). “A Guide for Undertaking Economic Impact Studies: The Springfest Example.” Journal of Travel Research, 40 (August), გვ, 84

Daniels, Margaret J., William C. Norman, and Mark S. Henry (2004). “Estimating Income Effects of a Sport Tourism Event.” Annals of of Tourism Research, გვ. 185

David L.Edgell, Jason R. Swanson, Tourism Policy and Planning, Yesterday, Today and Tomorrow 2nd edition, by Routledge 2013.გვ 90-93

Fleming, William R., and Lorin Toepper (1990). “Economic Impact Studies: Relating the Positive and Negative Impacts to Tourism Development.” Journal of Travel Research, 29 (1), გვ.37

Frechtling, Douglas C. (1994a). “Assessing the Impacts of Travel and Tourism— Measuring Economic Benefits.” In Travel, Tourism, and Hospitality Research: A Handbook for Managers and Researchers, 2nd ed., edited by J. R. Brent Ritchie and Charles R. Goeldner. New York: John Wiley & Sons, გვ. 370

Getz, Donald (1994). “Event Tourism: Evaluating the Impacts.” In Travel, Tourism, and Hospitality Research: A Handbook for Managers and Researchers, 2nd ed., edited by J. R. Brent Ritchie and Charles R. Goeldner. New York: John Wiley & Sons, გვ. 440

Kim, Dae-Kwan, Daniel M. Spots, and Donald F. Holecek (1998). “A Comparison of Estimates of Statewide Pleasure Trip Volume and Expenditures Derived from Three Household Surveys.” In Travel Research Roundup: Branding the Travel Market, 29th Annual Conference Proceedings. Lexington, KY: Travel and Tourism Research Association. გვ. 110

Lian, J.-I., and J.-M. Denstadli (2003). “How Reliable Are Household Surveys for the Description of Air Travel?” In Capturing Long-Distance Travel, edited by K. W. Axhausen, J.-L. Madre, J. W. Polak, and P. L. Toint. Baldock, Great Britain: Research Studies Press Ltd. გვ. 111

Mc Kenzie, K. (2007), ‘Belizean Women and Tourism Work – Opportunity or Impediment?’, Annals of Tourism Research,volume 34 (2), გვ. 480

Ortolani, G. G. (2000). “Revision of the Collection Systems for the Travel Item in the Balance of Payments of the European Member States following Stage Three of the European Monetary Union.” In Tourism Satellite Account (TSA) Implementation Project: Enzo Paci Papers on Measuring the Economic Significance of Tourism, vol. 1. Madrid, Spain: World Tourism Organization.

Reece .W. S., „The Economics of Tourism”, 2010, გვ. 51

Sheldon, P. J. (1990). “A Review of Tourism Expenditure Research.” In Progress in Tourism, Recreation and Hospitality Management, vol. 2, edited by C. P. Cooper. London: Belhaven Press, გვ. 230

Sheldon, P. J. (1993). “Forecasting Tourism: Expenditures versus Arrivals.” Journal of Travel Research, გვ. 33

Smith, S. L. J. (2000). “New Developments in Measuring Tourism as an Area of Economic Activity.” In Trends in Outdoor Recreation, Leisure and Tourism, edited by W. C. Gartner and D. W. Lime. New York: CAB International, გვ 225

Tourism and Poverty Alleviation Retrieved from http://step.unwto.org/content/tourism-and-poverty-alleviation-1

UNWTO. Tourism As An International Traded Service, A Guide For Measuring Arrivals And Associated Expenditures OF Non-Residents, 2005, გვ 10

UWTO methodological supplement to world tourism statistics. 1978, გვ. 18

Vanhove, Norbert (2005). The Economics of Tourism Destinations. Oxford, UK: Elsevier Butterworth-Heinemann.გვ.  22

Vaughan, D. R., H. Farr, and R. W. Slee (2000). “Estimating and Interpreting the Local Economic Benefits of Visitor Spending: An Explanation.” Leisure Studies. გვ. 100

World Tourism Organization and International Labour Organization (2014), Measuring Employment in the Tourism Industries – Guide with Best Practices, UNWTO, Madrid.გვ. 17

World Tourism Organization Measuring Domestic Tourism and the Use of Household Surveys: A Working Paper, (v. 1), May 2005. Madrid, Spain: WTO Department of Statistics and Economic Measurement of Tourism. გვ. 1-28

World Tourism Organization (2000). Measuring Total Tourism Demand. Madrid, Spain: World Tourism Organization.

Youssefzadeh, M. (2003). “Long-Distance Diaries Today: Review and Critique.” In Capturing Long-Distance Travel, edited by K. W.Axhausen, J.-L. Madre, J. W. Polak, and P. L. Toint. Baldock, Great Britain: Research Studies Press Ltd., გვ. 28–43



[1] Bureau of Transportation Statistics (1997). 1995 American Travel SurveyTechnical Documentation. Washington, DC: U.S. Department of Transportation.